ნობელი


     
     ნობელის პრემია — ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ბ. ნობელის პატივსაცემად.
   ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი). ანდერძის შესაბამისად ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში — 1968), კაროლინის სამეფო სამედიცინო — ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვედეთის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში), ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად მარი სკლოდოვსკა-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ — 1903 და 1911). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოშიყოველი წლის 10 დეკემბერს — ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო 1901 წელს. ნობელის პრემია მიენიჭა: ფიზიკისა და ქიმიის დარგში — ვ. რენტგენს (1901), მ. პლანკს (1918), ა. აინშტაინს (1921), ნ. ბორს (1922), ე. რეზერფორდს (1908), ლევ ლანდაუს (1962) და სხვებს. ფიზიოლიგიისა და მედიცინის დარგში — ი. პავლოვს (1904), რ. კოხს (1905) და სხვებს. ლიტერატურის დარგში — რ. თაგორს (1913), რ. როლანს (1915), თ. მანს (1929), მ. შოლოხოვს (1965) და სხვებს.


No comments:

Post a Comment